თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგთა კლუბი 2026 წლის 25-26 მარტს გამართავს დავით წერედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ პირველ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 27 თებერვლამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: filologtaklubi@gmail.com
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დავით წერედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგთა კლუბის პირველ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დავით წერედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტო და სტუდენტთა ნახატების გამოფენა.
საკონტაქტო პირები: ბექა ბაღათურია, ლუკა ქავთარაძე
baghaturiabeka@gmail.com ; qavtaradzeluka0@gmail.com ; tsikarishviliana28@gmail.com
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
ავტორის სახელი და გვარი;
თეზისების სათაური;
ორგანიზაციის დასახელება;
ფაკულტეტის დასახელება;
თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით);
3-5 საკვანძო სიტყვა;
ფორმატი — A4
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა: 100-150 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
საკვანძო სიტყვები;
თეზისების ძირითადი ტექსტი.
დავით წერედიანი
დავით წერედიანმა 1954 წელს დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა, 1960 წელს კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.
დავით წერედიანმა სიცოცხლეში თავისი პოეზია მხოლოდ ერთ პატარა კრებულად გამოსცა („ორიონი“), მისი გარდაცვალების შემდგომ კი დაიბეჭდა უფრო სრული კრებული „პარაპეტი“ (2020).
დავით წერედიანის ყველაზე ცნობილ თარგმანებს შორისაა ფრანსუა ვიიონის მთელი შემოქმედება („დიდი“ და „მცირე ანდერძები“ ჩართული ბალადებითურთ), იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“ (I ტ. – 2011 წ., II ტ. – 2017 წ.), ფედერიკო გარსია ლორკას, არტურ რემბოს, პოლ ვერლენის, პოლ ვალერის, პაულ ცელანის, ინგებორ ბახმანის, თომას მანის, თანამედროვე ფრანგი კლასიკოსის, პასკალ კინიარის, ქმნილებები. ასევე, მან თარგმნა და გამოსცა ძმები გრიმების ზღაპრების სამტომეული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი სვანური ხალხური პოეზიის გამოცემის საქმეში, კერძოდ, 1968 წელს გამოიცა „ირინოლა“, 1977 წელს – „სვანური ხალხური ლექსები“, ხოლო 2011 წელს – „სვანური სიმღერების კვალდაკვალ“.
1984 წელს ფრანსუა ვიონის „მცირე ანდერძის“ თარგმანისთვის დავით წერედიანს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. 1995 წელს მას გადაეცა ფრანგულ- ქართული ინსტიტუტის პირველი პრემია ფრანგი სიმბოლისტების შედევრთა თარგმანისთვის. 2006 წელს ლიტერატურული წერილებისა და ესეების კრებულისთვის „ანარეკლი“ მან მიიღო სახელმწიფო პრემია, 2007 წელს კი – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია „საგურამო“. 2011 წელს დავით წერედიანს მიანიჭეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 2012 წელს – ლიტერატურული პრემია „საბა“ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტის“ I ტომის თარგმანისთვის. 2014 წელს ამავე პრემიით აღინიშნა დ. წერედიანის მიერ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DDV International-მა იგი დააჯილდოვა გერმანია-საქართველოს ერთობლივი პრემიით, 2018 წელს დ. წერედიანმა კვლავ მიიღო პრემია „საბა“ „ფაუსტის“ II ტომის თარგმანისთვის. გარდაცვალების შემდეგ, 2021 წელს, საკუთარი ლექსების კრებულისთვის „პარაპეტი“ მას მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია.